მრავალი წლის წინ, მწერალმა ნოდარ დუმბაძემ ბავშვთა ქალაქის იდეა ჩაიფიქრა, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის ცენტრში ბავშვებისთვის ზღაპრული გარემო უნდა შექმნილიყო.

1982 წელს მდინარე ვერეს ხეობაში გაიხსნა პარკი “მზიური”. თუმცა, ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ განხორციელდა; 90-იანი წლების მძიმე პერიოდმა არსებული ინფრასტრუქტურა გაანადგურა, ქაოტურმა მშენებლობებმა კი მზიურის ტერიტორია მნიშვნელოვნად შეამცირა.

2006 წლიდან, ბევრი სირთულის მიუხედავად, მზიურმა ახალი ცხოვრება დაიწყო. ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი მწერლის ოცნების განხორციელებას თავიდან შეუდგა. ასე გაჩნდა – ჯერ, ყოველწლიური საბავშვო “მზის ფესტივალი”, მოგვიანებით კი, პროექტი “ახალი მზიური”, რომლის გარშემოც არაერთი ადამიანი გაერთიანდა. გაიხსნა სოციალური კაფე, განახლდა სათამაშო მოედნები და გარე ამფითეატრი. “ახალმა მზიურმა” ნელ-ნელა მოიპოვა განსაკუთრებული ადგილის სტატუსი, რომელსაც აქ მომუშავე ადამიანები, ერთგული სტუმრები და განსხვავებული, მზიურისთვის დამახასიათებელი გარემო ქმნის.